ბრიტანეთში რადიოსადგურს კორონავირუსის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სანქციები დაუწესდა
ბრიტანეთში რადიოსადგურს კორონავირუსის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სანქციები დაუწესდა

დიდ ბრიტანეთში რადიოსადგურს კორონავირუსის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სანქციები დაუწესდა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ტელერადიოკომპანიების მარეგულირებელმა სააგენტომ „ოფკომმა“ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიოსადგურ „იუქეიფილდ ეფემის“ ეთერში გავიდა ინტერვიუ, რომელიც ახალი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა.

კერძოდ, რადიოსადგურის ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი, რომელიც მსმენელს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტად წარუდგინეს, ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მეხუთე თაობის ინტერნეტ ქსელთან არის დაკავშირებული. ასევე, მან ეჭვი შეიტანა დაავადების სიმპტომებში.

როგორც მარეგულირებელ ორგანოში აღნიშნავენ, „მაუწყებლებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებაში ღირებული როლი ეკისრებათ.“

„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს რადიოთი და ტელევიზიით არ გავრცელდეს ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეებს შეცდომაში შეიყვანს. ამაში იგულისხმება დაავადების სიმპტომების, გამოწვევი მიზეზებისა და სამკურნალო საშუალებების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ რადიოსადგურმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნული ინტერვიუ რადიოს სოციალური მედიის გვერდიდან წაშლილია.

მარეგულირებელმა ორგანომ რადიოსადგურს დაავალა მსმენელს საკუთარი ეთერის საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის ერთ-ერთ გადაცემაში დეზინფორმაცია გავრცელდა.