ბრიტანეთში პალესტინის ელჩი - ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ აშშ ასრულებს პატიოსანი შუამავლის როლს და არ ავრცელებს ისრაელის ნარატივს
ბრიტანეთში პალესტინის ელჩი - ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ აშშ ასრულებს პატიოსანი შუამავლის როლს და არ ავრცელებს ისრაელის ნარატივს

გაერთიანებულ სამეფოში პალესტინის ელჩმა, ჰუსამ ზომლოტმა გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ აშშ ვერ ასრულებს „პატიოსანი შუამავლის“ როლს ისრაელისა და „ჰამასის“ ომში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ელჩმა CBS-ის ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ აშშ ასრულებს პატიოსანი შუამავლის როლს და არ ავრცელებს ისრაელის ნარატივს. ჩვენ გვჭირდებოდა „ზრდასრული“ ოთახში და ეს არის აშშ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვსმენია აშშ-ისგან მსგავსი განცხადება“, – განაცხადა ზომლოტმა.

როგორც პალესტინის ელჩი აცხადებს, ისრაელის ომი არის არა „ჰამასის“, არამედ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ.

ელჩმა ასევე აღნიშნა: „მთელი ეს საუბარი ჰუმანიტარულ პაუზებზე, უბრალოდ, უპასუხისმგებლობაა. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პაუზები – ჩვენ ვაპირებთ ექვს საათს შეჩერებას ჩვენი შვილების მკვლელობაში, შემდეგ კი განვაახლებთ ბავშვების მკვლელობას?“

მისი თქმით, დასავლეთ სანაპიროზე ვითარება ძალიან არასტაბილურია და შიშობს, რომ, შესაძლოა, ეს უფრო ფართო, რეგიონულ ომში გადაიზარდოს.