ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის დაფიქსირების ფონზე რეგულაციები გამკაცრდა
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის დაფიქსირების ფონზე რეგულაციები გამკაცრდა

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის დაფიქსირების ფონზე, რეგულაციები გამკაცრდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ვირუსის ახალი ვარიანტის შესახებ არსებული მტკიცებულებების გამო გაჩენილი შესაძლო რისკები იმას ნიშნავს, რომ შობას ისე ვერ შევხვდებით, როგორც ვგეგმავდით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ლონდონში, ასევე ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რეგულაციების ზომები გამკაცრდება.

ინგლისის იმ რეგიონებში, სადაც შეზღუდვების მეოთხე დონე ამოქმედდა, მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ, ასევე აკრძალულია რეგიონებს შორის გადაადგილება და საზღვარგარეთ მოგზაურობა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჯერჯერობით მხოლოდ იმ რეგიონებში ფიქსირდება, სადაც რეგულაციების მეოთხე დონე დაწესდა, თუმცა ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით გადაადგილებისგან თავი სხვა რეგიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც უნდა შეიკავონ.