ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა
ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. „ბიბისი“-ს ინფორმაციით, დაინფიცირებული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ჯანდაცვის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა, პროფესორმა ქრის ვითიმ აღნიშნა, რომ შემდგომი პრევენციული ზომების ფარგლებში, ექიმები ამჟამად იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომლებთანაც დაინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ.

ვითის განცხადებით, ადგილზე ინფექციის კონტროლის ძლიერი ზომებია მიღებული და მთავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

„ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ინფექციის კონტროლის გამოცდილ პროცედურებს ვიყენებთ“, – აღნიშნა ქრის ვითიმ.

პაციენტების ადგილსამყოფელის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტი ინფორმაციას არ ავრცელებს.

ამასთან, ჩინეთში კორონავირუსს უკვე 213 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს 18 ქვეყანაში კი, ახალი კორონავირუსით დადასტურებულად 98 ადამიანი არის დაინფიცირებული.