ბრიტანეთში, დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მარი გულბიანის ფილმის, „სანამ მამა დაბრუნდება“ პრემიერა შედგება
ბრიტანეთში, დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მარი გულბიანის ფილმის, „სანამ მამა დაბრუნდება“ პრემიერა შედგება

რეჟისორ მარი გულბიანის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ პრემიერა ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, დოკუმენტური ფილმების შეფილდის კინოფესტივალზე შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინო ცენტრი ავრცელებს.

ფილმი ორი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. მოქმედების დიდი ნაწილი პანკისის ხეობაში ვითარდება.

მთავარი გმირები იიმან და ევა მეგობრები არიან და პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იიმანი 13 წლის არის, ევა – 12-ის. ქისტი გოგონების მამები ერთი წლის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. მას შემდეგ გოგონებს იშვიათად უკავშირდებიან. გოგონებისთვის ერთადერთი თავისუფალი სივრცე კინოგაკვეთილებია, რომელიც პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეთათვის კინოჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებს. ფილმის რეჟისორი მარიამ გულბიანიც ერთ-ერთი კინომისიონერია, რომელიც აქტიურად არის პროექტში ჩართული და პანკისის ხეობაში ახალი თაობის კინოგანათლებაზე ზრუნავს.

ფესტივალი ხვალ გაიხსნება და 12 ივნისამდე გაგრძელდება. მარი გულბიანის ფილმის ჩვენება 8 ივნისსაა ჩანიშნული.