დიდ ბრიტანეთში „დაუდგენელი ნივთიერებით“ მოწამვლის გამო ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
დიდ ბრიტანეთში „დაუდგენელი ნივთიერებით“ მოწამვლის გამო ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დიდ ბრიტანეთში „დაუდგენელი ნივთიერებით“ მოწამვლის გამო ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი სოლსბერისთან ახლოს, ქალაქ ეიმსბერიში მოხდა. 40 წლის მამაკაცი და ქალი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში ნაცნობებმა იპოვეს. მომხდარის შესახებ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და სამართალდამცველებს შეატყობინეს.

თავდაპირველად, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ წყვილი ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის მოხმარების შემდეგ გახდა შეუძლოდ. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ვერსია გამოკვლევებმა არ დაადასტურა.

ახლა ექსპერტები ცდილობენ, დაადგინონ, რა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან ისინი.

მოწამლული ქალი და მამაკაცი სოლსბერის საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

მარტის დასაწყისში, ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნულ საქმეში პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.