ბრიტანეთში ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიამ „ბრექსიტის“ წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
ბრიტანეთში ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიამ „ბრექსიტის“ წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

ბრიტანეთში ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ „ბრექსიტის“ წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია, პარლამენტის წევრები დაარწმუნონ, ჩაშალონ ყველა გარიგება, რომელიც ტერეზა მეის ინიციატივით ევროკავშირის დატოვებას შეეხება.

13 თვე რჩება, სანამ ბრიტანეთი ბლოკს დატოვებს. „ბრექსიტის“ მოწინააღმდეგეები კი ყველა გზას იკვლევენ იმ პროცესის შესაჩერებლად, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთის უდიდეს შეცდომად მიიჩნევენ.

გასულ წელს შექმნილი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ბრექსიტის“ მომხრე პარლამენტარები არიან. ისინი გეგმავენ, მაისში ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და 650-ვე ადგილისთვის იბრძოლონ, თუ ეროვნული არჩევნები ჩატარდება.

დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეების 51.9 პროცენტმა ანუ 17.4 მილიონმა ადამიანმა მხარი „ბრექსიტს“ დაუჭირა, 48.1%-მა ანუ 16.1 მილიონმა ადამიანმა კი – ევროკავშირში დარჩენას.

ბლოკიდან გამოსვლის შესახებ ნებისმიერი გარიგების დაბლოკვა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში ბრიუსელიდან წამოიღებს, სავარაუდოდ მისი მთავრობისთვის გადამწყვეტი იქნება და ეროვნული არჩევნების საჭიროებას გააჩენს. ეს კი „ბრექსიტს“ ეჭვქვეშ აყენებს.