ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი - თავისუფალი სიტყვა ბრიტანეთში გაუქმებულია, აზრის გამოხატვის გამო დღეში 30 ადამიანს აკავებენ, ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში ან ჩინეთში
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გააკრიტიკა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა თავისუფალი სიტყვის კუთხით და განაცხადა, რომ ბრიტანეთი სერიოზულ კრიზისს განიცდის.
„თავისუფალი სიტყვა ბრიტანეთში გაუქმებულია. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს, „1984“-ს სახელმძღვანელოდ იყენებს“, – განაცხადა ტრასმა საკუთარ შოუში.
ლიზ ტრასის თქმით, დღეში 30 ადამიანს აკავებენ ბრიტანეთში აზრის გამოხატვის გამო.
„ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში ან ჩინეთში. ეს შემთხვევით არ ხდება. თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა. ხელისუფლება მიზანში იღებს ადამიანებს, რომლებიც ლოცულობდნენ აბორტის კლინიკების გარეთ, კაცს, რომელიც ყურანს წვავს და თუნდაც ადამიანებს, რომლებიც Twitter-ზე ხუმრობენ. მიზანი ბრიტანელებისთვის ხელის შეეშლაა, რომ თქვან ის, რასაც ფიქრობენ. ქვეყანა ღარიბდება. ჩვენ გადავსებულები ვართ მასობრივი ემიგრაციით. ეს მთავრობა ყველაზე არაპოპულარულია ისტორიაში“, – აღნიშნავს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიცია ნებისმიერ კრიტიკას „დამოუკიდებლობაში ჩარევად“ მიიჩნევს.
„სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქურდობასა და გაუპატიურებასთან ბრძოლა. ითვლება, რომ უარესია იყო რასისტი, ვიდრე გამაუპატიურებელი“, – აღნიშნა ტრასმა.
ლიზ ტრასის განმარტებით, ბრიტანეთს სჭირდება ამერიკაში არსებული პირველი შესწორების მსგავსი კანონი, რომელიც აბსოლუტურად დაიცავს სიტყვის თავისუფლებას.