ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო – ბრიტანეთი უკრაინის მხარდამხარ დგას, მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ უკრაინა იმ აღჭურვილობით, რომელიც პუტინის უკანონო შემოჭრისგან თავდასაცავად სჭირდება
ბრიტანეთი უკრაინის მხარდამხარ დგას, მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ უკრაინა იმ აღჭურვილობით, რომელიც მას პუტინის უკანონო შემოჭრისგან თავის დასაცავად სჭირდება, – ასე ეხმაურება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის დრონების მიწოდებას გარდაუვალად მოჰყვება შედეგები და ბრიტანეთს პასუხის გაცემა მოუწევს.
„რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ამ მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაში, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადების თანახმად, რაც უფრო ღრმად იქნება ლონდონი ჩართული კონფლიქტში და რაც უფრო მეტად დაუჭერს მხარს კიევს, მით უფრო მაღალ ფასს გადაიხდის.