ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად, რუსეთის არმიამ დიდი დანაკარგი ნახა, მიაღწია მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციას და დამცირებას
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად, რუსეთის არმიამ დიდი დანაკარგი ნახა, მიაღწია მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციას და დამცირებას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, რუსეთმა კიდევ ერთი „სტრატეგიული მარცხი“ განიცადა. ასე გამოეხმაურა ბენ უოლესი რუსის სამხედროების ქალაქ ხერსონიდან გასვლას.

მისი თქმით, ხერსონის დაკავება იყო ერთადერთი სტრატეგიული ამოცანა, რომლის მიღწევაც ამ ომის დასაწყისში რუსეთმა შეძლო.

„ახლა, როდესაც რუსები ქალაქს აბარებენ, ხალხმა რუსეთში სავარაუდოდ უნდა დასვას კითხვა – „რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?“ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად რუსეთის არმიამ დიდი დანაკარგი ნახა ცოცხალ ძალაში და მიაღწია მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციას და დამცირებას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ბენ უოლესის თქმით, უკრაინა გააგრძელებს შეტევას და დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო საზოგადოება მას მხარს დაუჭერს.

„მართალია, რუსეთის უკან დახევა სასიხარულოა, თუმცა არ შეიძლება, არასწორად შეაფასო საფრთხე, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან კვლავაც მოდის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.