ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა „ტაიფუნის“ ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას ომის დასრულების შემდეგ შეძლებს
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა „ტაიფუნის“ ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას ომის დასრულების შემდეგ შეძლებს

უკრაინა ევროპული „ტაიფუნის“ ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საკმაოდ დიდი დრო გავა, ვიდრე უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდიან და ეს არის კონსენსუსი დასავლელ პარტნიორებს შორის.

როგორც ბრიტანელმა მინისტრმა აღნიშნა, პილოტების მომზადებას დიდი დრო სჭირდება და ეს უმჯობესია, ახლავე დაიწყოს.

„არ ვიცით, როგორ გაგრძელდება ეს ომი. გაგრძელდება თუ არა კიდევ ერთი-ორი წელი. ავიაგამანადგურებლების მომზადების დაწყებით, ვემზადებით ყველაფრისთვის, რაც არაპროგნოზირებადია. მეორე მხრივ, არაფერს ვკარგავთ. გარკვეულ მომენტში თუ გადავწყვეტთ ავიაგამანადგურებლების რეალურად გაგზავნას, მზად ვიქნებით. საბრძოლო ტანკებისგან განსხვავებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამხედრო თვითმფრინავებთან შეფერხებები არ იქნება“, – განაცხადა ბენ უოლესმა.