ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი - სერგეი შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვდა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საკითხი განიხილეს. საუბრისას მინისტრები მინსკის შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.
ბენ უოლესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სიტუაციის დეესკალაციისადმი და დაძაბულობის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისადმი ბრიტანეთის ერთგულება.
„მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი გენერალ შოიგუსთან და გენერალ გერასიმოვთან. გენერალ შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ, შეშფოთების ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს რუსეთის მთავრობას. მკაფიოდ განვუცხადე, რომ შეჭრას მოჰყვება მძიმე შედეგები და ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ბენ უოლესმა.