ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი – რუსული სადაზვერვო გემი ბრიტანეთის წყლებში შევიდა და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავების პილოტებს ლაზერულ სხივს ანათებდა

15:39, 19.11.2025

რუსული სადაზვერვო გემი ბრიტანეთის წყლებში შევიდა და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავების პილოტებს ლაზერულ სხივს ანათებდა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსული ხომალდი „იანტარი“ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარე წელს უკვე მეორედ შევიდა. ჯონ ჰილის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ხომალდი სადაზვერვო ინფორმაციის მიღებასა და წყალქვეშა კაბელის რუკის შექმნას ცდილობდა.

„რუსეთის ეს ქმედება ძალიან სახიფათოა. ჩემი გზავნილი რუსეთისა და პუტინისადმი ასეთია: ჩვენ გხედავთ. ჩვენ ვიცით, რას აკეთებთ და თუ „იანტარი“ ამ კვირაში სამხრეთისკენ გაემართება, ჩვენ მზად ვართ. ყველაფერი, რაც ხელს უშლის, არღვევს ან საფრთხეს უქმნის ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავების მფრინავებს, ძალიან საშიშია“, – განაცხადა ჯონ ჰილიმ.

მსგავსი