ბრიტანეთის სანაპიროსთან ადამიანზე დიდი ზომის მედუზა დააფიქსირეს [ვიდეო]
ბრიტანეთის სანაპიროსთან ადამიანზე დიდი ზომის მედუზა დააფიქსირეს [ვიდეო]

ლიზი დეილი ბრიტანეთში, კორნუოლის სანაპიროსთან ყვინთავდა, როცა შორიახლოს რაღაც უზარმაზარი შენიშნა. დიდი ზომის მედუზა მას წარსულშიც ჰყავდა ნანახი, მაგრამ ამხელა არასდროს.

დეილი ბიოლოგი და ტელეწამყვანია. გიგანტურ მედუზასთან შეხვედრის კადრები მისმა ოპერატორმა დენ აბოტმა გადაიღო.

ისინი ბუნების დაცვის სპეციალური კამპანიის ფარგლებში ყვინთავდნენ, სანაპიროს სიახლოვის ბინადარი სახეობების აღნუსხვის მიზნით.

„ამ ზომის მედუზა ცხოვრებაში არასოდეს მენახა“, — ამბობს ოპერატორი, რომელმაც კამერა სასწრაფოდ მიმართა გიგანტური ქმნილებისკენ და გადაღება დაიწყო.

ამ სახეობის მედუზები (Rhizostoma pulmo) დაბადებისას სიგრძეში სულ რაღაც მილიმეტრი არიან, შემდეგ კი ასეთ გიგანტურ ზომებამდე იზრდებიან. მათი მსუსხავი უჯრედები უფრო კომპაქტურია, ვიდრე სხვა, გრძელი საცეცების მქონე მედუზებისა.

დეილის თქმით, მას სულაც არ შეშინებია გიგანტურ ქმნილებასთან მიახლოება და იმედოვნებს, რომ ეს ვიდეო სხვებსაც მოჰგვრის ოკეანით აღფრთოვანებას.