ბრიტანეთის სანაოსნო სასწავლებელთან თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამები განხორციელდება
ბრიტანეთის სანაოსნო სასწავლებელთან თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამები განხორციელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაოსნო სასწავლებლის (PortsmouthCollege) ხელმძღვანელობასთან, რომელთანაც მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმისა და ფოთის პროფესიული განათლების ცენტრებსა და ბრიტანულ სანაოსნო კოლეჯს შორის დაიწყება თანამშრომლობა. მომავალი პარტნიორი ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამა.

„აღსანიშნავია, რომ Portsmouth-ის კოლეჯი არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ცნობილია მაღალტექნოლოგიური გარემოთი და მისი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.