ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა - რუსეთმა შეიარაღებული ძალების შედარებით მცირე ტერიტორიაზე კონცენტრირებით უფრო შესამჩნევ ლოკალურ წარმატებებს მიაღწია, ვიდრე კამპანიის დასაწყისში
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა - რუსეთმა შეიარაღებული ძალების შედარებით მცირე ტერიტორიაზე კონცენტრირებით უფრო შესამჩნევ ლოკალურ წარმატებებს მიაღწია, ვიდრე კამპანიის დასაწყისში

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უფრო შესამჩნევ ლოკალურ წარმატებებს მიაღწია უკრაინაში, ვიდრე საომარი კამპანიის დასაწყისში.

აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ საკუთარ ყოველდღიურ ანგარიშში წერს.

„რუსეთმა მიაღწია უფრო შესამჩნევ ლოკალურ წარმატებებს, ვიდრე კამპანიის დასაწყისში, შეიარაღებული ძალების და დარტყმების შედარებით მცირე ტერიტორიაზე კონცენტრირებით. ეს აიძულებს რუსეთს რისკზე წავიდეს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სხვა ნაწილებში“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ლიმანის ხელში ჩაგდება ხელს უწყობს მცდელობებს მისი მთავარი ოპერატიული მიზნის განსახორციელებლად, რომელიც, სავარაუდოდ იქნება სევეროდონეცკის და ლუგანსკის რეგიონში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა. მათივე ცნობით, სევეროდონეცკის ძლიერი დაბომბვები გრძელდება და სავარაუდოდ, ქალაქის მიდამოებში ქუჩის ბრძოლებიც მიმდინარეობს. დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთის პროგრესი ნელია, თუმცა მიღწეულის შენარჩუნებას ახერხებენ.

ამასთან, დაზვერვის შეფასებით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რუსეთს რთული ამოცანების შესრულება მოუწევს.

„რუსეთის პოლიტიკური მიზანი სავარაუდოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა. ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთს სჭირდება შემდგომი რთული ოპერაციული მიზნების განხორციელება სევეროდონეცკის მიღმა, მათ შორისაა საკვანძო ქალაქი კრამატორსკი და დნიპრო-დონეცკის ავტომაგისტრალი“, – ნათქვამია ანგარიშში.