ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული საზიანო ტრაექტორია
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული საზიანო ტრაექტორია, – ამის შესახებ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთ ტერიტორიების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუტმა განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული ნორმებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.
„საქართველოში ხალხი ნათლად გამოხატავს, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციას.
ვგმობ ბოლო დღეებში მიმდინარე სასტიკი და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. როგორც ეუთო-მ აღნიშნა, ეს არის შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოისმინოს, განმუხტოს ეს ვითარება და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული საზიანო ტრაექტორია. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებთან“, – განაცხადა დოუტმა.