ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი - რუსეთი ყველაზე აშკარა საფრთხეა ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის, შეხედეთ მის ქცევას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მანამდე საქართველოშიც
ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი - რუსეთი ყველაზე აშკარა საფრთხეა ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის, შეხედეთ მის ქცევას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მანამდე საქართველოშიც

ბრიტანელი მფრინავები რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ახლო სამანევრო ბრძოლაში გადიან წვრთნებს, – „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, მაიკლ უიგსტონმა განაცხადა.

უიგსტონის თქმით, ბრიტანელი მფრინავები ინტენსიურ წვრთნებს გადიან გაერთიანებული სამეფოსა და ნატო-ს მოკავშირეებისადმი რუსეთის პოტენციური საფრთხის მოსაგერიებლად. უიგსტონის ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახლო სამანევრო ბრძოლის პრაქტიკაზე, რადგან ამჟამინდელი თაობის ბრიტანელ მფრინავებს მსგავსი ბრძოლის გამოცდილება არ აქვთ.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის პირდაპირი და აშკარა საფრთხე, რომლის დასაპირისპირებლად ჩვენ წვრთნებს გავდივართ. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა და შეკავების პოლიტიკა იმუშავებს, მაგრამ თუ დადგება დღე, როცა რუსეთი ნატო-ს წევრის მიმართ აგრესიას განახორციელებს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. დღეს რუსეთი ყველაზე აშკარა საფრთხეა ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის, უბრალოდ შეხედეთ მის ქცევას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მანამდე საქართველოშიც“, – განაცხადა უიგსტონმა.