ბრიტანეთის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დომინიკ რააბი საზღვარგარეთ მყოფ ბრიტანელებს დაუყოვნებლივ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დომინიკ რააბმა მოქალაქეებს სახლებში დაბრუნება ურჩია.
მან აღნიშნა, რომ შესაბამისი ტრანსპორტი უზრუნველყოფილია. რააბის თქმით, საზღვრების დახურვის, ავიაკომპანიების მიერ ფრენების შეჩერების და რიგი აკრძალვების ფაზა აქტიურია, ამიტომ დასაკარგი დრო არ არის.
„თუ დასასვენებლად საზღვარგარეთ იმყოფებით, სახლში დაბრუნების დროა, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 911 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 335 ადამიანი.