ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი - რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინას თავს დაესხმება
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი - რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინას თავს დაესხმება

რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინას თავს დაესხმება, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზე ტრასმა განაცხადა.

ბრიტანელი დიპლომატის თქმით, დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ მუშაობს ნატო-ს მოკავშირეებთან უკრაინის მხარდასაჭერად.

„ვფიქრობ, ეს სერიოზული შეცდომა იქნებოდა რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა ტრასმა რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით სააგენტო „როიტერის“ შეკითხვის პასუხად.

„ჩვენ უკრაინასთან ძალიან მჭიდრო მოკავშირეები ვართ და ვმუშაობთ ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან, ასევე პირდაპირ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრულად უჭერენ მხარს“, – აღნიშნა ბრიტანელმა დიპლომატმა.

დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გადაადგილების გამო. თავის მხრივ, რუსეთი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებას და აცხადებს, რომ საკუთარ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების ნებისმიერ ადგილზე განთავსების უფლება აქვს. მოსკოვი უკრაინასა და ნატო-ს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.