ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჩინეთს კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, „ემაი 6“-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ სოერსი ჩინეთს კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა, „დეილი მეილი“ ავრცელებს. ჯონ სოერსის თქმით, დეკემბერში და იანვარში იყო ხანმოკლე პერიოდი, როდესაც ჩინეთი დასავლეთს ახალი კოროვირუსის შესახებ მონაცემებს უმალავდა.
სოერსი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე „სერიოზული შეკითხვები“ დაისვა, რაც ჩინეთის ქმედებების საკმარისად შეუსწავლელობას უკავშირდება, თუმცა „ემაი 6“-ის ყოფილი ხელმძღვანელი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ურჩევს, რომ რისხვა ქვეყნის და არა გაეროს ორგანიზაციის წინააღმდეგ უნდა მიმართოს.
„მაგრამ ეს არ ამართლებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელმაც ვერ შეძლო ფაქტებისა და მონაცემების დადგენა და ჩინეთის მიმართ სწორი მოთხოვნების წარდგენა“, – აღნიშნა სოერსმა.
„დეილი მეილი“ ასევე აქვეყნებს ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ ჰეიგის კომენტარს, სადაც აღნიშნულია, რომ ბრიტანეთი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ტექნოლოგიის სფეროში აზიის სუპერძალაზე მას შემდეგ, რაც კრიზისმა აჩვენა, რომ ის „ჩვენი წესებით არ თამაშობს“.