ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი - პუტინი გავაფრთხილეთ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მაღალი ფასის გადახდა მოუწევდა
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი - პუტინი გავაფრთხილეთ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მაღალი ფასის გადახდა მოუწევდა

პუტინი გავაფრთხილეთ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მაღალი ფასის გადახდა მოუწევდა – ამის შესახებ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, „ემაი6“ (MI6) ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა გამოცემა „სანდი თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბრიტანული სპეცსამსახურის უფროსის თქმით, რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებები სერიოზულ განგაშს იწვევს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით, რუსეთი ძალაა, რომელიც სუსტდება.

რიჩარდ მურის განცხადებით, რუსეთი მრავალი სირთულის წინაშე დგას და ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, ბოლოდროინდელმა პროტესტმა აჩვენა, რომ მისი მოსახლეობის ნაწილი ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა. მურმა ასევე თქვა, რომ ის კვლავ გაბრაზებულია სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სადაც სერგეი და იულია სკრიპალები, სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა მოწამლეს.

„ემაი6“-ის ხელმძღვანელის აზრით, ეს ყველაფერი, ისევე როგორც რუსეთის მოქმედებები უკრაინაში, რუსეთის უპასუხისმგებლო საქციელის ნიშნებია. ბრიტანული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ლონდონს, ვაშინგტონს და მოსკოვს შორის საკომუნიკაციო არხები გახსნილია და რუსეთის ხელისუფლებამ იცის, როგორ აფასებენ დასავლეთის მოკავშირეები რუსეთის ქმედებებს.

დატოვე კომენტარი