„ბრიტანეთის რეფორმაში“ აცხადებენ, რომ პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი პრემიერობის შემთხვევაში, ფოლკლენდის კუნძულების არგენტინისგან დასაცავად ყველა რესურსს, მათ შორის შეიარაღებულ ძალებს, გამოიყენებდა

23:44, 05.09.2026

ბრიტანელი მემარჯვენე ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის შემთხვევაში ფოლკლენდის კუნძულების არგენტინისგან დასაცავად ყველა არსებულ რესურსს, მათ შორის შეიარაღებულ ძალებს, გამოიყენებდა, – ამის შესახებ მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ბრიტანეთის რეფორმის“ წარმომადგენელმა, რობერტ ჯენრიკმა განაცხადა.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ჯენრიკმა, რომელიც პარტიაში ფინანსურ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ ფარაჯი მის ხელთ არსებულ ყველა ფინანსურ და სამხედრო რესურსს გამოიყენებდა, რათა ლონდონი ბუენოს აირესისგან დაეცვა.

„ნაიჯელ ფარაჯის პრემიერ-მინისტრად ყოფნის შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებდით ბრიტანეთის სახელმწიფოს ყველა ბერკეტს – ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ეკონომიკურ სანქციებს, ყველაფერს – ფოლკლენდის კუნძულების დასაცავად და არგენტინას გავანადგურებდით“, – განაცხადა ჯენრიკმა.

„პოლიტიკოს“ სტატიის მიხედვით, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ის გადახედავდა ვაშინგტონის პოზიციას ფოლკლენდის კუნძულებზე დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ კი არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ ფოლკლენდის კუნძულების კუთვნილებასთან დაკავშირებით არგენტინის პრეტენზიები კიდევ ერთხელ გააჟღერა. ამასთან, მან პირობა დადო, რომ ბუენოს აირესის ნებართვის გარეშე კუნძულებთან ახლოს ნავთობის მოპოვებაში მონაწილე კომპანიებს სანქციებს დაუწესებს.

მედიის ცნობით,  ბრიტანეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უარყო მილეის მუქარა და განაცხადა, რომ კუნძულელებს აქვთ თვითგამორკვევის უფლება და რომ ფოლკლენდის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ცნობისთვის,  ფოლკლენდის კუნძულები, რომლებიც ატლანტის ოკეანეში არგენტინასთან ახლოს მდებარეობს, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის. მის კუთვნილებასთან დაკავშირებით 1982 წელს ბრიტანეთსა და არგენტინას შორის 74-დღიანი ომი მოხდა, რომლის დროსაც გაერთიანებულმა სამეფომ კუნძულებზე კონტროლი შეინარჩუნა. 2013 წელს კუნძულებზე ჩატარებულ რეფერენდუმში 1517-დან 1513-მა მცხოვრებელმა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის შემადგენლობაში დარჩენას მისცა ხმა.

მსგავსი