ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ორგანიზაცია „გრინფისის“ აქტივისტები, რომლებმაც ლონდონში, აშშ-ის საელჩოს შადრევანში წითელი საღებავი ჩაასხეს
ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ორგანიზაცია „გრინფისის“ აქტივისტები, რომლებმაც ლონდონში, აშშ-ის საელჩოს შადრევანში წითელი საღებავი ჩაასხეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აქტივისტები აშშ-ის მიერ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას აპროტესტებდნენ.
დაკავებულები არიან „გრინფისის“ ხელმძღვანელი გაერთიანებულ სამეფოში უილ მაკკალუმი და ხუთი სხვა აქტივისტი. მათ აშშ-ის საელჩოსთან მდებარე აუზში 300 ლიტრი წითელი საღებავი ჩაასხეს.
გარემოსდამცველი ორგანიზაციის აქტივისტები საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე აუზთან ველოსიპედებით შევიდნენ, როგორც კურიერები.
„ჩვენ ამ ქმედებას მივმართეთ, რადგან შეერთებული შტატების იარაღი განაგრძობს განურჩეველი ომის საზრდოობას, რომლის დროსაც იბომბება სკოლები და საავადმყოფოები, მთელი დასახლებული უბნები ნანგრევებად იქცა და ათობით ათასი პალესტინელი განადგურდა“, – ნათქვამია „გრინფისის“ აღმასრულებელი დირექტორის, არიბა ჰამიდის განცხადებაში.