ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა
ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა

ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა.

„ბიბისის“ ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქე პეტრ პოჩინოკია. მანამდე ამავე საქმეზე დააკავეს უკრაინელი რომან ლავრინოვიჩი და უკრაინაში დაბადებული რუმინეთის მოქალაქე სტანისლავ კარპიუკი.

ლონდონის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 34 წლის პოჩინოკს, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით ცხოვრობს, ბრალად ედება ცეცხლის წაკიდება ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის განზრახვით. დღეს პოჩინოკი უნდა წარსდგეს უესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოს წინაშე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. ანალოგიური ბრალდება წაუყენეს ასევე 21 წლის ლავრინოვიჩს და 26 წლის კარპიუკს.

საქმე ეხება სამ ინციდენტს, რომლებიც 8-დან 12 მაისამდე პერიოდში მოხდა. კერძოდ, 12 მაისის ღამით მეხანძრეები გამოიძახეს საცხოვრებელ სახლში კენტიშ თაუნში. სტარმერი და მისი ოჯახი იქ ცხოვრობდნენ, ვიდრე იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. 8 მაისს ამავე ქუჩაზე ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილს, რომელიც წარსულში სტარმერს ეკუთვნოდა, მაგრამ გასულ წელს მან ის მეზობელს მიჰყიდა. 11 მაისის ღამით კი ხანძარი გაჩნდა იზლინგტონში, იმ შენობის შესასვლელში, რომელიც გადაკეთებულია მრავალბინიან სახლად. როგორც „ბიბისიმ“ გაარკვია, სტარმერი ამ მისამართზე 1990-იან წლებში ცხოვრობდა.

სტარმერის პრემიერ-მინისტრობის გამო აღნიშნული ინციდენტების გამოძიებაში ჩაერთო ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფი. ხანძრების ორგანიზატორების შესაძლო მოტივების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ლავრინოვიჩი და კარპიუკი ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე 6 ივნისს უნდა წარდგნენ.