ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მთავრობის გეგმას მხარი დაუჭირა
ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მთავრობის გეგმას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 324 ხმით 298-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლის მთავრობის გეგმას. ამგვარად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა იძულებული გახდა თანაპარტიელთა ნაწილის მოთხოვნით დათმობებზე წასულიყო, რის შედეგადაც პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცესზე უფრო მეტი კონტროლი მოიპოვა. კერძოდ, „ბრექსითის“ პირობებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში ოფიციალურად უნდა დატოვოს, რის შემდეგაც 21-თვიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება. ამ ხნის განმავლობაში, ლონდონი ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ორგანიზაციის წესებს დაემორჩილება და საწევროს გადახდას გააგრძელებს, ასევე აღიარებს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, გარდამავალ პერიოდში დიდი ბრიტანეთი ევროპული საბაჟო კავშირის მონაწილედაც დარჩება.