ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს აპირებენ
ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს აპირებენ

ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს აპირებს, – ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის მთავრობაში გაკეთდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირისთვის მიწერილი წერილისა, ბრიტანეთი ევროკავშირს მაინც 31 ოქტომბერს დატოვებს.

„ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს. გვაქვს ამის რესურსი და საშუალება. რაც შეეხება წერილს, ის იმიტომ გავაგზავნეთ, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ამას ავალდებულებდა“,- განაცხადა მაიკ გოუვმა.

ევროკავშირთან ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო, რის გამოც ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის ბრექსიტის გადადება ეთხოვა.

აქამდე არსებული შეთანხმებით, ბრიტანეთს ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ლონდონიდან წერილი მიიღო და საპასუხო ნაბიჯებზე კონსულტაციას ევროკავშირის ლიდერებთან გამართავს.

დატოვე კომენტარი