ბრიტანეთის მთავრობა საზოგადოებრივ მაუწყებელ Channel 4-ის პრივატიზაციის გეგმას აჩერებს
ბრიტანეთის მთავრობა საზოგადოებრივ მაუწყებელ Channel 4-ის პრივატიზაციის გეგმას აჩერებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ადასტურებს, რომ აღარ გააგრძელებს Channel 4-ის პრივატიზაციის საკამათო გეგმას.

კულტურის ყოფილი მდივანი ნადინ დორისი თავის დროზე აღნიშნავდა, რომ მთავრობის საკუთრებაში ყოფნა Channel 4-ის განვითარებას აფერხებდა.

თუმცა, მისი მემკვიდრე მიშელ დოუნლანი ახლა ამბობს, რომ მაუწყებელი არ უნდა გაიყიდოს და ამის ნაცვლად, გამოდის რეფორმირების წინადადებით, რადგან „ცვლილებები აუცილებელია“.

Channel 4 ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს მათ საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო ძლიერი ძალა გახდნენ ციფრულ სამყაროში.

მაუწყებლის 1,5 მილიარდ ფუნტად გაყიდვის გეგმა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა Channel 4-ის ხელმძღვანელობისა და სატელევიზიო ინდუსტრიის დიდი ნაწილის მხრიდან.

როგორც კულტურის მდივანი მიშელ დოუნლანი აღნიშნავს, გადაწყვეტილება კონკრეტული ბიზნესსაქმის მიმოხილვისა და შესაბამის სექტორთან ჩართულობის შემდეგ მიიღო.

მის მიერ გაყიდვის სანაცვლოდ შეთავაზებული რეფორმები მაუწყებელს უფლებას მისცემს, შექმნას და ფლობდეს საკუთარ პროგრამებს, რომელთაგან მრავალს ამჟამად დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანიები აწარმოებენ; ამას გარდა, არხს მიეცემა საშუალება, ლონდონს გარეთ გაიტანოს კიდევ უფრო ბევრი სამუშაო ადგილი.

ამბის დადასტურებამდე ერთი დღით ადრე მედიაში გაჟონა დოუნლანის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილმა წერილმა, რომელშიც ის პრივატიზაციის გეგმის შეჩერებას ურჩევდა.

პრივატიზაცია შეჩერებას ეხმაურება Channel 4-ის ხელმძღვანელი ალექს მაჰონი.

„Channel 4-ის საზოგადოებრივ საკუთრებაში ყოფნა შენარჩუნდება და ეს გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ძლიერები ვიყოთ ციფრულ სამყაროში. Channel 4 ინოვაციური, ბრწყინვალე სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხია, რომელიც ისეთ აუდიტორიას უყვარს, რომელსაც სხვები ვერ სწვდებიან, უმეტესად – ახალგაზრდებს და ნაკლებად წარმოდგენილებს. ანალოგურ სამყაროში ჩვენ ეს სანახაობრივად შევძელით. ახლა ციფრულ ეპოქაშიც იმავეს ვაკეთებთ“, – ამბობს მაჰონი.

Channel 4 1982 წელს დაარსდა და მას შემდეგ მთავრობის საკუთრებაშია, თუმცა შემოსავალს რეკლამებიდან იღებს.

ნადინ დორისის კულტურის მდივნობის დროს მთავრობა ამბობდა, რომ რეკლამიდან მიღებული შემოსავლისა და ტრადიციული ტელევიზიის მაყურებლის კლება, ამავე დროს პროგრამების ბიუჯეტის ზრდა იმას ნიშნავდა, რომ Channel 4 სხვა ტელეკომპანიებს კონკურენციას ვეღარ უწევდა.

შარშან, საკუთარი სალიდერო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აღნიშნავდა, რომ პრივატიზაციის გეგმას გააგრძელებდა. თუმცა, ახლა ის კულტურის ახალი მდივნის, მიშელ დოუნლანის გეგმას დათანხმდა პრივატიზების შეჩერების შესახებ.

Channel 4-ს აქამდე საკუთარი პროგრამების მომზადების უფლება არ ჰქონდა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფლებები არ გააჩნდა საკუთარ ჰიტებზეც. ასეთი უფლებების ფლობა კი მომგებიანი იქნებოდა, რადგან საშუალება გაქვს, ასეთ შოუები სხვა მაუწყებლებს ან სტრიმერებს მიყიდო.

ახალი გეგმის მიხედვით, არხს საკუთარი პროგრამების მომზადების და, შესაბამისად, მათგან ფულის შოვნის საშუალებაც მიეცემა.

მიშელ დოუნლანი პირობას დებს, რომ დაიცავს დამოუკიდებელ საპროდიუსერო კომპანიებს და მათ შესთავაზებს იმ შოუების გაზრდილ პროპორციას, რომლებსაც ისინი Channel 4-ისთვის ამზადებდნენ.

Channel 4-ის შარშანდელი წლიური მოხსენების მიხედვით, მაუწყებელს ამჟამად აქვს კვოტა, რომ საკუთარი პროგრამების, სულ მცირე, 25 პროცენტი დამოუკიდებელ მწარმოებლებს დაუკვეთოს, მაგრამ პრაქტიკაში ეს რიცხვი დაახლოებით 60 პროცენტია.

მთავრობის გადაწყვეტილებას პრივატიზაციის შეჩერების თაობაზე მიესალმება დამოუკიდებელი სატელევიზიო მწარმოებელი კომპანიების სავაჭრო ასოციაციაც.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.