ბრიტანეთის მთავრობა - ქარტიის განახლების ფარგლებში, მთავრობა განიხილავს ვარიანტებს, რომ „ბიბისიმ“ მომავალი ათწლეულების განმავლობაში ისარგებლოს მდგრადი დაფინანსებით და საზოგადოების ნდობით
დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, „ბიბისის“ დაფინანსება, რეკლამის ან გამოწერის დაშვების მიზნით, შეცვალოს. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „როიტერი“.
მედიის ინფორმაციით, „ბიბისიმ“ შესაძლოა, ტრადიცია დაარღვიოს და რეკლამების გარკვეული ნაწილის ტრანსლირება დაიწყოს ან ხელმისაწვდომი იყოს გამოწერით.
როგორც მედია წერს, ირკვევა, რომ ეს არის მთავრობის მიერ განხილული წინადადებების ნაწილი, რომლებიც უნივერსალურ ლიცენზიის გადასახადზე დაფუძნებული არსებული დაფინანსების მოდელის შეცვლას ითვალისწინებს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანმა, ლიზა ნენდიმ „ბიბისის“ სამეფო ქარტიის გადახედვა დაიწყო. მისი გადახედვა ათწლეულში ერთხელ ხდება და მაუწყებლისადმი ნდობის გაძლიერებას და მის ფინანსურად მდგრად საფუძველზე დაყენებას ისახავს მიზნად.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქარტიის განახლების პროცესის ფარგლებში, მთავრობა განიხილავს ვარიანტებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ბიბისიმ“ მდგრადი დაფინანსებით ისარგებლოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში, ისარგებლოს საზოგადოების ნდობით“.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ბიბისი“ უნდა იყოს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც ემსახურება. ასევე, მაუწყებლობამ უნდა წარმოადგინოს გაერთიანებული სამეფოს ყველა თემი და ხელი შეუწყოს ზრდას, შესაძლებლობებსა და კარგ სამუშაო ადგილებს და დარჩეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად.
„ქარტიის გადახედვა შესაძლებლობას იძლევა, უზრუნველყოფილი იყოს „ბიბისის“ მდგრადი განვითარება მომავალში, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მის გადარჩენას, არამედ მის კეთილდღეობასაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მისი მიზანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აუდიტორიას კვლავ ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის ბრიტანულ დრამაზე, გასართობ და საგანმანათლებლო კონტენტზე, ასევე მსოფლიო დონის ჟურნალისტიკაზე, რომელსაც კორპორაცია წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, „ბიბისი“ ქვეყნის ეკონომიკისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს და გაერთიანებული სამეფოსთვის ყველაზე დიდი ინვესტორია, ასაქმებს 20 000-ზე მეტ ადამიანს და მხარს უჭერს მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორპორაცია მსოფლიოს ბრიტანულ კულტურას აცნობს.
„ჩვენ გვსურს, რომ „ბიბისიმ“ გააგრძელოს ადამიანების ცხოვრების გამდიდრება, ბრიტანეთის ისტორიის მოყოლა და ჩვენი ღირებულებებისა და კულტურის წარმოჩენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დიდი ხნის განმავლობაში. ქარტიის მიმოხილვის მიზანი ნათელია. „ბიბისი“ უნდა დარჩეს სრულიად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და შეძლოს საზოგადოების ნდობის მოპოვება. ის უნდა ასახავდეს მთელ დიდ ბრიტანეთს, დარჩეს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად და დაფინანსდეს მდგრადი და სამართლიანი გზით აუდიტორიისთვის“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანი, ლიზა ნენდი.
„ბიბისის“ გენერალური დირექტორი ტიმ დეივი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საჩივრის გამო, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ მაუწყებელი პოტენციურ რეფორმებს მიესალმება.