ბრიტანეთის მთავრობა დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის წევრობის აღდგენის წინააღმდეგია
დიდი ბრიტანეთის მთავრობა დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის წევრობის აღდგენის წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წარმომადგენელმა გააკეთა.
თუმცა, მისივე თქმით, შეხვედრაზე სტუმრების მოწვევის საკითხი მასპინძელი ქვეყნის, ანუ ამ შემთხვევაში აშშ-ის გადასაწყვეტია.
„რუსეთი დიდი შვიდეულიდან ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა, მას შემდეგ რუსეთს ქცევა არ შეუცვლია და არაფერი გაუკეთებია, რაც მის დაბრუნებას გაამართლებდა. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დიდი შვიდეულის წევრად დაბრუნებას“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ დიდი შვიდეულის მორიგი სამიტი ვაშინგტონში სექტემბერში გაიმართოს. ამასთან, ტრამპის თქმით, ჯგუფის წევრების გარდა, სამიტზე მიწვეული იქნებიან რუსეთის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის ლიდერებიც.
დიდი ბრიტანეთის გარდა, დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდოც.