ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი თანამდებობის დატოვებას აპირებს
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. მათი განცხადებით, თუ ტერეზა მეი უარს არ იტყვის ევროკავშირიდან გამოსვლის იმ მოდელზე, რომელიც ორგანიზაციის დატოვებას შეთანხმების გარეშე ითვალისწინებს, თანამდებობიდან გადადგებიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მინისტრების – რიჩარდ ჰარინგტონის, კლერ პერისა და მარგო ჯეიმსის განცხადებით, ტერეზა მეიმ დაუყონებლივ უნდა დადოს პირობა, რომ ბრექსიტზე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი გადაიდება და ქვეყანა ორგანიზაციას შეთანხმების გარეშე არ დატოვებს.
დღეს ბრიტანეთის მთავრობა საგანგებო შეხვედრას მართავს, სადაც განხილვის ერთადერთი საკითხი ბრექსიტია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტერეზა მეი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ამბობს, რომ მისი პარტია ქვეყანაში ბრექსიტთან დაკავშირებით, განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა.