ბრიტანეთის დედოფალმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ხისტ ბრექსიტს აფერხებს
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ხისტ ბრექსიტს აფერხებს. დოკუმენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობას ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასასვლელად პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.
ამას გარდა, კანონის მიხედვით, მთავრობა უნდა შეეცადოს, 18 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე ახალი შეთანხმების მიღწევას, თუ ეს არ მოხდება – პრემიერ-მინისტრმა ბრექსიტის 2020 წლის 31 იანვრამდე გადავადება უნდა ითხოვოს.
აღნიშნული კანონი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ 4 სექტემბერს კონსერვატიული პარტიის დეპუტატთა ნაწილის მხარდაჭერის შედეგად დაამტკიცა. აღნიშნული 21 დეპუტატი ამის გამო კონსერვატიული პარტიიდან გარიცხეს. მოგვიანებით დოკუმენტი ლორდთა პალატამაც დაამტკიცა.
10 სექტემბრიდან პარლამენტმა მუშაობა 14 ოქტომბრამდე უნდა შეაჩეროს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმის თანახმად, პარლამენტის მუშაობის შეჩერება მას ხისტი ბრექსიტის განხორციელებაში დაეხმარებოდა. თუმცა, დეპუტატებმა მოასწრეს კანონის მიღება, რომელიც შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლას აფერხებს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.