ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, ასევე ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტისა და ჟურნალისტის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს ალექსეი ნავალნისა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებული ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტისა და ჟურნალისტის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ. დღევანდელი უზნეო განაჩენი, პასუხისმგებელი პირების ნაცვლად, მოწამლვის მსხვერპლის დევნა აჩვენებს, რომ რუსეთი არ ასრულებს ყველაზე საბაზისო ვალდებულებებს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წევრმა“, – ნათქვამია დომინიკ რააბის განცხადებაში.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატიმრობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს. ალექსეი ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.