ბრიტანეთი ე.წ. საინვესტიციო ვიზების გაცემას აჩერებს
ბრიტანეთი ე.წ. საინვესტიციო ვიზების გაცემას აჩერებს

დიდი ბრიტანეთი ე.წ. საინვესტიციო ვიზების გაცემას აჩერებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან ბრძოლის გაძლიერებას ემსახურება. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბრიტანეთის ვიზებს სოლიდური ინვესტიციების დაბანდების საფუძველზე იღებდნენ, ამას 7 დეკემბრიდან ვეღარ შეძლებენ.

საქმე ეხება პროგრამას, რომლის მიხედვითაც, ყველა უცხოელს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2,5 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას დააბანდებს, ვიზას ავტომატურად აძლევდნენ. ამ პროგრამით სარგებლობა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეძლოთ.

Bloomberg-ის ცნობით, მომავალი წლიდან ვიზების გაცემის წესები გამკაცრდება. ამ დოკუმენტის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეს შემოსავლების წყაროს დადასტურება მოუწევს. ჟურნალისტების აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად კანონის გამკაცრება რუს ოლიგარქებს შეუქმნის პრობლემებს.

2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე ე.წ. საინევსტიციო ვიზა დიდ ბრიტანეთში 361-მა უცხოელმა მიიღო. მათგან 115 ჩინეთის, 38 კი რუსეთის მოქალაქეა. ამ პროგრამით ასევე ისარგებლეს თურქეთის, აშშ-ისა და ჰონგ-კონგის მოქალაქეებმაც.