ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს
ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს

ბრიტანეთი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტერეზა მეის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, აუქმებს ბრიტანეთი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.

12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით სკრიპალის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.

დატოვე კომენტარი