ბრიტანელმა, ფინელმა და შვედმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნა გამართეს
ბრიტანელმა, ფინელმა და შვედმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნა გამართეს

ბრიტანელმა, ფინელმა და შვედმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, სამხედრო სწავლება სახელწოდებით Vigilant Knife დაეხმარება სამი ქვეყნის ძალებს, იყვნენ უფრო ეფექტიანები ბრძოლაში. სწავლება გასულ კვირას ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში გაიმართა.

„ვიდრე ევროპაში ომი მიდის, მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობა. ჩვენ მივესალმებით შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს და გავაგრძელებთ ერთობლივ წვრთნებს, რათა მზად ვიყოთ, წინ აღვუდგეთ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს. სამხედრო სწავლება Vigilant Knife ფასდაუდებელი შესაძლებლობაა დიდი ბრიტანეთის სამხედროებისთვის, რომ განავითარონ ცივი ამინდის პირობებში ბრძოლის უნარები და გამოცდილება“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა.

როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, მიმდინარე წლის მაისში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი წარადგინეს. ალიანსის 30 წევრიდან ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი 23-ს აქვს რატიფიცირებული. თურქეთი რატიფიცირებაზე მხოლოდ ფინეთთან და შვედეთთან მიღწეული შეთანხმებების შესრულების შემდეგ თანხმდება, კერძოდ ანკარა მის მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირებას ითხოვს.