BridgeGap-ის მონაცემებით, საქართველოს სასამართლომ გამჭვირვალობის ტექნიკურ კომპონენტში მაქსიმალური ქულა მიიღო
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის, BridgeGap-ის მონაცემთა ბაზამ სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მათი ცნობით, კვლევა მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ სამეცნიერო მტკიცებულებების ბაზის შექმნას.
რაც შეეხება კონკრეტულ ინდიკატორებს: სასამართლოს გამჭვირვალობის (JT-T-Index) ინდიკატორის მიხედვით, რომელიც აფასებს ისეთ ტექნიკურ პარამეტრებს, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს სხდომების განრიგისა და გადაწყვეტილებების ონლაინ გამოქვეყნება, ასევე კანონმდებლობის ხელმისაწვდომობა სამთავრობო პორტალზე, საქართველოს 10-ბალიანი სისტემით მაქსიმალური, 10 ქულა აქვს მინიჭებული. ეს ინდიკატორი ზომავს ინფორმაციის ონლაინ ხელმისაწვდომობის ხარისხს და არა სასამართლო სისტემის ზოგად ინსტიტუციურ მდგომარეობას.
სასამართლოს დამოუკიდებლობა (jud_ind) – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის მონაცემებზე დაყრდნობით, სადაც ბიზნესმენები და ექსპერტები აფასებენ სასამართლოს დამოუკიდებლობას მთავრობის ან კერძო სუბიექტების გავლენებისგან, საქართველო ექვსი ქულით ევროპის ქვეყნებს შორის მე-17 პოზიციაზეა.
BridgeGap-ის მეთოდოლოგიის თანახმად, ამ ინდიკატორისთვის გამოყენებულია 2019 და 2021 წლების კვლევის მონაცემები, ვინაიდან მას შემდეგ ამ მიმართულებით ახალი შეფასება არ განახლებულა. პროექტი BridgeGap წარმოადგენს 4-წლიან (2024–2027 წლების) ინიციატივას, რომელსაც ევროპის კვლევითი ცენტრების ერთიანი სამეცნიერო ჯგუფი ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად.