„ბრეშია“ სანდრო ტონალის 60 მილიონ ევროდ დათმობს
„ბრეშია“ სანდრო ტონალის 60 მილიონ ევროდ დათმობს

„ბრეშია“ მზად არის, ნახავერმცველი სანდრო ტონალი 60 მილიონ ევროდ გაასხვისოს, თუ ამ თანხას რომელიმე კლუბი გადაიხდის, – იუწყება Calciomercato.

წყაროს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი მასიმო ჩელინო „იუვენტუსთან“ და „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბრეშიას“ 19 წლის ფეხბურთელით „ნაპოლი“ და „მილანიც“ არიან დაინტერესებულები.

სანდრო ტონალიმ მიმდინარე სეზონში „ბრეშიას“ შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ტონალის იტალიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი (2019 წლის 15 ოქტომბერს – ლიხტენშტეინის წინააღმდეგ).

სულ ტონალიმ ეროვნული ნაკრების ფორმა სამჯერ მოირგო, მაგრამ თავი არაფრით გამოუჩენია.

საინტერესოა, რომ Transfermarkt.com ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა, როგორც ჩანს „ბრეშიას“ ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობს.