„ბრექსიტის“ საკითხებში ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე ურსულა ფონ დერ ლაიენს „ავტორიტარულ გადახრაში“ ადანაშაულებს
„ბრექსიტის“ საკითხებში ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე თავის ყოფილ ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის ხელმძღვანელობის დროს „ავტორიტარულ გადახრაში“ ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ახალ წიგნში, რომელიც ბრიუსელში გატარებულ დროსა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრობის ხანმოკლე პერიოდს აღწერს, მიშელ ბარნიე აცხადებს, რომ ავტორიტარული გადახრა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა ურსულა ფონ დერ ლაიენის პირობებში, რომელსაც ყველაფრის გადაწყვეტა სურს.
ბარნიემ განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენის მმართველობის დროს კომისრები სულ უფრო ხშირად იქცეოდნენ როგორც „სუპერტექნოკრატები“ და არა როგორც პოლიტიკოსები.
„კომისიაში საკმარისი მოსმენა არ არის. საკმარისი არ არის ხალხის მოსმენა“, – განაცხადა მიშელ ბარნიემ.
ბარნიემ ფონ დერ ლაიენის მმართველობის წლებში კომისიის მთავარ წარუმატებლობებად გამოყო გადაჭარბებული რეგულირება და ევროკავშირში კაპიტალის ბაზრების ინტეგრაციის ნელი პროგრესი. თუმცა საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფონ დერ ლაიენს მიაწერა მის წინაშე არსებულ კრიზისებზე წარმატებით რეაგირების დამსახურება, მათ შორის „კოვიდის“ პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს.
„პოლიტიკოს“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბარნიე და ფონ დერ ლაიენი ერთსა და იმავე პოლიტიკურ ოჯახს, კონსერვატიულ „ევროპის სახალხო პარტიას“ მიეკუთვნებიან, მათ შორის არსებული უთანხმოება „ბრექსიტის” მოლაპარაკებების ბოლო დღეებიდან იღებს სათავეს. ბარნიეს თქმით, ფონ დერ ლაიენმა ის გვერდზე გასწია, როდესაც 2020 წელს ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა.
„ვფიქრობდი, რომ ნორმალური იქნებოდა, შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ბოლო საათებში მის გვერდით ყოფნა, მაგრამ საქმე ასე არ იყო. ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ერთნაირი წარმოდგენა სამუშაოსა და ადამიანურ ურთიერთობებზე“, – აღნიშნა მიშელ ბარნიემ.