ბრექსიტის გადავადებაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბორის ჯონსონი 15 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს  
ბრექსიტის გადავადებაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბორის ჯონსონი 15 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს  

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 15 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დაამტკიცებს ოპონენტების კანონპროექტს, რომელიც ბრექსიტის გადავადებას ითვალისწინებს.

ბორის ჯონსონმა დეპუტატების მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე კენჭისყრის პარლამენტის დღის წესრიგში შეტანა ევროკავშირის წინაშე კაპიტულაციას შეადარა. მანამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებდა განურჩევლად იმისა, მიიღწეოდა თუ არა შეთანხმება.

„შემიძლია, მოვუწოდო ოპოზიციის ლიდერს, დაადასტუროს, რომ თუკი კაპიტულაციის კანონპროექტი დამტკიცდება, ის მისცემს ამ ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობას, საკუთარი აზრი 15 ოქტომბერს არჩევნების გზით გამოთქვას?“ – განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა, ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი სტრატეგია ითვალისწინებს ბრექსიტის შესახებ შეთანხმების მიღწევას 17 ოქტომბრამდე, ანუ ევროკავშირის სამიტამდე.

გუშინ დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, რის შემდეგაც კანონმდებლებმა ​ბრექსიტის გადავადების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის დღის წესრიგში შეტანას მხარი დაუჭირეს.