ბრედ კუპერი - აშშ-ის დარტყმების შედეგად, ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას მეზობელ ქვეყნებს, მნიშვნელოვნად შესუსტდა
ბრედ კუპერი - აშშ-ის დარტყმების შედეგად, ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას მეზობელ ქვეყნებს, მნიშვნელოვნად შესუსტდა

აშშ-ის დარტყმების შედეგად, ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას მეზობელ ქვეყნებს, მნიშვნელოვნად შესუსტდა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა.

როგორც კუპერმა აღნიშნა, ირანის თავდაცვის ინდუსტრია დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული.

„მათ აქვთ ძალიან შეზღუდული, თუ არა მცირე, შესაძლებლობა, გააგრძელონ შეტევები“,- განაცხადა კუპერმა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ნებისმიერი ასეთი სცენარისთვის.

კუპერის შეფასებით, აშშ-ის სამხედრო ოპერაციებმა ირანს მხოლოდ შიდა სამხედრო შესაძლებლობები კი არ შეუზღუდა, არამედ მნიშვნელოვნად შეასუსტა მისი გავლენა რეგიონში. კერძოდ, მისი თქმით, ირანს უკვე აღარ შეუძლია იარაღისა და რესურსების ეფექტურად გადაცემა თავისი მოკავშირეებისთვის, მათ შორის „ჰეზბოლასთვის“, „ჰამასისა“ და იემენელი „ჰუსიტებისთვის“.

„ეს მიწოდების გზები და მექანიზმები გადაკეტილია“,- განაცხადა კუპერმა.

ცნობისთვის, მანამდე „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ, აშშ-ის ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები განადგურებულია, თეირანმა თავისი სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი შეინარჩუნა. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ ირანი კვლავ აკონტროლებს თავისი მობილური სარაკეტო დანადგარების დაახლოებით 70%-ს და შეინარჩუნა ომამდელი სარაკეტო არსენალის დაახლოებით 70%.