ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რომლის მიზანიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენა იყო.

ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა, პაულუ გონეტმა განაცხადა, რომ ბოლსონარუ ინფორმირებული იყო და მოიწონა კიდეც პუტჩისტების გეგმები.

გამოძიების ინფორმაციით, ბრაზილიაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში, სულ მცირე, 33 პირი მონაწილეობდა. გამომძიებლების თქმით, მათი მთავარი მიზანი იყო ლუის ინასიუ ლულა და სილვას მოწამვლა, რომელმაც ბოლსონარუ 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

„კრიმინალური ორგანიზაციის წევრებმა პრეზიდენტის სასახლეში შეიმუშავეს ინსტიტუტებზე თავდასხმის გეგმა ხელისუფლების სისტემისა და დემოკრატიული წესრიგის დასანგრევად“, – ნათქვამია გონეტის ანგარიშში.

„გეგმა დაამუშავეს და პრეზიდენტს აცნობეს, მან თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნავს გენერალური პროკურორი.

ბრაზილიელი პროკურორების გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ფედერალური პოლიციის 800-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ორწლიანი გამოძიების შემდეგ გამოქვეყნდა.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალდებებზე ახლა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. თავად ბოლსონარუმ უარყო ბრალდებები ოპონენტის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.

ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს ერთი ვადით, 2019-დან 2023 წლამდე იკავებდა. ის ცნობილია, როგორც მემარჯვენე პოპულისტი. COVID-19-ის პანდემიის დროს ბოლსონარუ უარყოფდა პრობლემის სერიოზულობას და ქვეყანაში კარანტინის შემოღების საჭიროებას. ასევე, მას აკრიტიკებდნენ ამაზონის ტყეების განადგურების შესაჩერებლად საჭირო ზომების შემოღებაზე უარის თქმის გამო.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარში ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში, ქვეყნის უზენაეს სასამართლოსა და სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციაში.