ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ ჟაირ ბოლსონარუს კენჭისყრა 2030 წლამდე აუკრძალა
ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ ჟაირ ბოლსონარუს კენჭისყრა 2030 წლამდე აუკრძალა

ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს არჩევნებზე კანდიდატად კენჭისყრა 2030 წლამდე აუკრძალა.

ბოლსონარუ დამნაშავედ ცნეს ძალაუფლებისა და საჯარო მედიის ბოროტად გამოყენებაში გასულ წელს ჩატარებული არჩევნების მოგების მიზნით. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი შვიდი მოსამართლიდან ხუთმა დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება ბოლსონაროს შეხვედრას უცხოელ ელჩებთან, რომელიც 2022 წლის ივლისში გაიმართა. მედიის ინფორმაციით, ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა შეხვედრაზე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ბრაზილიის საარჩევნო სისტემის შესახებ და ეჭვქვეშ დააყენა მისი სანდოობა გასული წლის არჩევნების წინ. შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ოფიციალური ტელეარხებითა და YouTube-ის საშუალებით. YouTube-მა შეწყვიტა მაუწყებლობა, რადგან მისი შინაარსი არღვევდა არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვის წესს.

ერთ-ერთი მოსამართლის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ბრაზილიელი ამომრჩევლები არ მოითმენენ კრიმინალურ ექსტრემიზმს, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას ამომრჩევლების მოსატყუებლად.

ბოლსონარუ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. ის ბრაზილიის პრეზიდენტი 2019 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე იყო. გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში ბოლსონარუ მცირე სხვაობით დამარცხდა. მისმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად ქვეყნის დედაქალაქში არეულობა მოაწყვეს.