ბრაზილიის სენატის საგამოძიებო კომიტეტმა ქვეყნის პრეზიდენტისთვის ბრალდების წაყენებას მხარი დაუჭირა
ბრაზილიის სენატის საგამოძიებო კომიტეტმა კენჭი უყარა მოხსენებას ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთვის პანდემიასთან დაკავშირებული ბრალდების შესახებ. კომიტეტმა ქვეყნის პრეზიდენტისთვის ბრალდების წაყენებას მხარი დაუჭირა.
ანგარიშში საუბარია ცხრა ბრალდებაზე, მათ შორის ერთი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. მოხსენება 1 300-გვერდიანია და მის მოსამზადებლად ოპოზიციის მიერ კონტროლირებული კომიტეტი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა. მოხსენებაში ბოლსონარუს გარდა კიდევ 10 ადამიანის დანაშაულზეა საუბარი. მოხსენებაში ქვეყნის პრეზიდენტი სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენებასა და ყალბი ამბების გავრცელებაშია ბრალდებული. თავად პრეზიდენტი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი მთავრობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე სწორად მუშაობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 21 748 984 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 606 293 ადამიანი.