ბრაზილიის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, რომლითაც პირბადის ტარება მაღაზიებში, ეკლესიებსა და სკოლებში სავალდებულო უნდა გამხდარიყო
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ვეტო დაადო კანონს, რომლითაც პირბადის ტარება მაღაზიებში, ეკლესიებსა და სკოლებში სავალდებულო უნდა ყოფილიყო. სოციალური მედიით გავრცელებულ მიმართვაში ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ პარლამენტში წარდგენილი კანონი იმდენად მკაცრი იყო, რომ შესაძლოა, ბრაზილიელები იმის გამოც კი დაეჯარიმებინათ, რომ პირბადეს სახლში არ ატარებენ. ბრაზილიის კონგრესს 30 დღე აქვს პრეზიდენტი ვეტოს დასაძლევად.
ბრაზილია კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1,5 მილიონზე მეტი ინფიცირებული აღრიცხეს. გარდაიცვალა 63 ათასზე მეტი პაციენტი.
მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია. ჟაირ ბოლსონარუ თავადაც არ ატარებდა პირბადეს საჯარო შეხვედრებზე.
ბოლსონარუ ამტკიცებს, რომ კორონავირუსის დამარცხება კარანტინის დაწესებით შეუძლებელია.