ბრაზილიის პრეზიდენტი „ბრიქსის“ წევრებთან კონსულტაციებს გეგმავს, რათა დონალდ ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებულ ტარიფებს ერთობლივი პასუხი გასცენ
დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის იმპორტზე დაწესებულ ტარიფებზე ერთობლივი პასუხის გასაცემად ბრაზილიის პრეზიდენტი, ლულა და სილვა „ბრიქსის“ წევრებთან კონსულტაციებს გეგმავს.
ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპს სურს მრავალმხრივი მმართველობის დემონტაჟი, სადაც შეთანხმებები ინსტიტუტების ფარგლებში კოლექტიურად მიიღწევა, და მისი ჩანაცვლება ცალმხრივი მმართველობით, სადაც ის სხვა ქვეყნებთან პირისპირ აწარმოებს მოლაპარაკებებს.
„მოლაპარაკების რა ძალა აქვს ლათინური ამერიკის პატარა ქვეყანას შეერთებული შტატების წინააღმდეგ? არანაირი“, – აღნიშნა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.
ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის განვითარებადი ქვეყნების „ბრიქსის“ ჯგუფში ტრამპის ტარიფებთან გამკლავების გზებზე საუბარს დაიწყებს. ლულა და სილვას თქმით, 7 აგვისტოს – ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან, შემდეგ კი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან და სხვა ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.