ბრაზილიის პრეზიდენტი - ამაზონის ტყე ჩვენია
ბრაზილიის პრეზიდენტი - ამაზონის ტყე ჩვენია

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, ამაზონის ტყე ბრაზილიის სუვერენული ტერიტორიაა. ეს განცხადება ბრაზილიის ლიდერმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ეკოლოგები ბოლსონარუს და მის მთავრობას ფერმერების მიერ ამაზონის ტყის გაჩეხვის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებაში სდებენ ბრალს.

გაერო-ს ტრიბუნიდან საუბრისას ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზონის ჯუნგლებს „კაცობრიობის მემკვიდრეობად“ და „პლანეტის ფილტვებად“ შეცდომით მოიხსენიებენ.

„ამ ცრუ ტერმინებზე აპელირებით, ბევრი ქვეყანა ბრაზილიის დახმარების ნაცვლად, უპატივცემულოდ და კოლონიალიზმის ეპოქის სულისკვეთებით მოქმედებდნენ. მათ ჩვენი სუვერენიტეტიც კი ეჭვქვეშ დააყენეს“, – განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ.

ამაზონის ტროპიკული ტყის 50 პროცენტზე მეტი ბრაზილიის ტერიტორიაზე მდებარეობს. 2019 წელს ამაზონის ტყეში ხანძრების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.

გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ტყეში ცეცხლის გავრცელების ერთ-ერთი მთავრი მიზეზი ბრაზილიის ხელისუფლების პოლიტიკაა, რომელიც ფერმერებს ტერიტორიების გასასუფთავებლად ტყის დაწვის უფლებას აძლევს.

დატოვე კომენტარი