ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა.
ინტერნეტგამოცემა TyC-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრების ახალი დამრიგებელი იქნება საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი. მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ ოფიციალურად პორტუგალიელ სპეციალისტს მხოლოდ მაისში წარადგენენ – საუდის არაბეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.
ასევე იტყობინებიან, რომ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია ჟესუსის კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო „ალ-ჰილალს“ კომპენსაციის სახით 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის. ბრაზილიურ მხარეს სურს, რომ ჟორჟე ჟესუსმა უკვე ივნისში დაიწყოს მზადება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი მატჩებისთვის.
აქამდე ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი კანდიდატი კარლო ანჩელოტი იყო, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მხოლოდ მადრიდის „რეალზეა“ კონცენტრირებული.