ბრაზილიის მემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატი ფლავიო ბოლსონარუ არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და შედეგების გაუქმებას მოითხოვს

21:30, 26.10.2026

ბრაზილიის მემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატი ფლავიო ბოლსონარუ არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და შედეგების გაუქმებას მოითხოვს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ბოლსონარუს პრეტენზია უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის საფუძველზეც, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ხმის მიცემის პროცესი ორი საათით გახანგრძლივდა.

„შეუძლებელია არჩევნების შედეგების აღიარება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც მოვლენები განვითარდა“, – განაცხადა ბოლსონარუმ.

ამავდროულად, ლუის ინასიუ ლულა და სილვას გამარჯვებას მსოფლიოს ლიდერები ულოცავენ. მილოცვები მას ევროკავშირიდან, მექსიკიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან მიუვიდა. არჩევნების შედეგები აღიარეს კოლუმბიის, პერუსა და ჩილეს ახლად არჩეულმა მემარჯვენე პრეზიდენტებმაც.

ბრაზილიის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას.

ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კონსერვატორი კონკურენტი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 52% მოიპოვა, ფლავიო ბოლსონარუმ კი – 48 %.

მედიის ცნობით, სილვამ ბოლსონარუსთან შედარებით ოთხი მილიონით მეტი ხმა მიიღო.

მსგავსი