ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებმა ერთპიროვნული გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტური გაიმართება.
პირველ ტურში მემარცხენე ლულა და სილვამ ხმების 48 პროცენტი აიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ კი 43 პროცენტი. ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.
ლულა და სილვა ამბობს, რომ გააძლიერებს ზომებს ამაზონის ტროპიკული ტყის დასაცავად, ხოლო ბოლსონარუ ამტკიცებს, რომ ტროპიკული ტყის ნაწილები უნდა გაიხსნას ეკონომიკური ექსპლუატაციისთვის.
დასავლური მედიის ცნობით, ბრაზილიას აქვს მრავალი სხვა მწვავე პრობლემა, როგორიცაა სურსათზე ფასების ზრდა, რამაც ხელი შეუწყო სიღარიბისა და შიმშილის ზრდას. ბევრმა ამომრჩეველმა ასევე აღნიშნა განათლების პრობლემა და უთანასწორობის მაღალი დონე, რომელთა მოგვარება ახალი პრეზიდენტისგან სურთ.